თავდასხმა "საქართველოს ბანკზე"- დაცვის მხარე გრიგოლ ნარსიასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს

22.09.22 12:07
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე"-  დაცვის მხარე გრიგოლ ნარსიასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს

თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე -  დაცვის მხარე გრიგოლ ნარსიასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. 

როგორც დალი სულაქველიძემ დაკავებულთან შესვლამდე განაცხადა, უნდა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ნარსიას სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეაფასებს. 

ამასთან, დაცვის მხარე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც მედიას უთხრა, რომ დაკავებისას გრიგოლ ნარსიამ პოლიციას წინააღმდეგიბა გაუწია. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს: 

მის სახეზე არსებული დაზიანებები, ნაჭდევები და სისხლჩაქცევები აუცილებლად მოითხოვს ექსპერტიზის დანიშვნას. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ამას მე გავაკეთებ. თუ ჩვენ კანონდარღვევისთვის ვაკავებთ პირს, კანონდამცველებისგან არ უნდა იყოს ასეთი მოქმედება. 

დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც არ გამორიცხავს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სრულად გაირკვეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომ დაკავებისას გრიგოლ ნარსიამ წინააღმდეგობა გაუწია. ის არის თვითმხილველი, რა მოქმედებები განვითარდა რა ქმედება იყო სამართალდამცავთა ან დაკავებულის მხრიდან" - აცხადებს ადვოკატი. 

ადვოკატების თქმით,  მთელი შეიარაღება, რომელიც ბანკში მძარცველს ჰქონდა სათამაშო იყო, მათ შორის ის რვა ასაფეთქებელიც, რომელიც ბანკის კედლებზე დაამაგრა და ამოქმედებით იმუქრებოდა. 

გრიგოლ ნარსია დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ის წლების წინ „პირველების“ ინფორმაციით იმავე ბანკში მუშაობდა, რომლის დაყაჩაღებაც გუშინ სცადა.

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს დღეს ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსი ექნება. გრიგოლ ნარსიას მძევლების ხელში ჩაგდების, ტერორისტული აქტის მოწყობას და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა - ტარებისთვის გაასამართლებენ.