სად არის ოროზმანში აღმოჩენილი არტეფაქტი? - წულუკიანის უწყება მეცნიერს ქურდობაში ადანაშაულებს

22.09.22 16:16
სად არის ოროზმანში აღმოჩენილი არტეფაქტი? - წულუკიანის უწყება მეცნიერს ქურდობაში ადანაშაულებს

თეა წულუკიანი არქეოლოგების წინააღმდეგ - კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ ოროზმანში ნაპოვნი უძველესი ადამიანის კბილი მეცნიერმა მუზეუმის ნაცვლად სახლში წაიღო.

გენერალური ინსპექციამ მეცნიერის ტანსაცმლის კარადიდან ამოიღო არტეფაქტი, რომელზეც მსოფლიოს უნდა ელაპარაკა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მეცნიერები.

მათი თქმით, სამინისტრომ უნიკალური აღმოჩენა თავის დროზე არც კი შეიმჩნია და ახლა კი მას მეცნიერების დისკრედიტაციისთვის იყენებს. 

ოროზმანში ნაპოვნი, მილიონ 800 ათასი წლით დათარიღებული არტეფაქტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. კულტურის სამინისტრო არ ეუბნება საზოგადოებას, სად წაიღეს უძველესი კბილი.

ნიკოლოზ ვანიშვილი, ,,ტვ პირველთან" აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ მოიქცა ასე კულტურის სამინისტრო, რადგან მან მართლა წაიღო სახლში არტეფაქტი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნივთი დაცულ ადგილზე შეენახა.

ჩვენ საველე სამუშაოები 19 სექტემბერს დავასრულეთ, ჩავედით თბილისში, ამან წაიღო საკმაოდ დიდი დრო. შემდეგ ეს მასალა გადაიტვირთა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. ფაქტობრივად სამუშაო საათები ამოწურული იყო, ამის გამო მარტომ მომიწია ამ მასალის მოწესრიგება. 

ამის შემდეგ დამიკავშირდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მითხრეს, რომ ჩემი 3 წლის შვილი, რომელიც დიდი ხანი, ნანახი არ მყავდა, ავად იყო.

ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღე გადაწყვეტილება, რომ კბილი დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში, ჯიბეში, სადაც ის უსაფრთხოდ იყო მოთავსებული, მხოლოდ ერთი ღამით, 19-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, დამეტოვებინა ჩემთან - აცხადებს ნიკო ვანიშვილი.

 ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, გიორგი ბიძინაშვილი, აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტრომ ,,იმიტირებული ქრონიკა" ჩაატარა და მთელი გადაცემა დადგა ამ უნიკალური ნივთის მპოვნელის დისკრედიტაციის მიზნით.

არ ვიცი, მას რა დავუძახო. ადამიანს, ვინც ამ კბილს მიანიჭა სამეცნიერო ღირებულება, ანუ პირველმა ნიკამ თქვა, რომ ეს არის ადამიანის კბილი, ამან კი გამოიწვია ის, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა, და ამას ჩაუტარებ სპეცოპერაციას და მისგან გადაარჩენ და ამაზე გადაიღებ იმიტირებულ ქრონიკას. ზუსტად ეს შთაბეჭდილება შემექმნა.

ძალიან გული მწყდება, მე მინდა, რომ კულტურის სამინისტრო ჩვენს გვერდით იდგეს. - ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

ამ დროისთვის ოროზმანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მეცნიერები არიან ჩამოსული. კულტურის სამინისტრო კი მათ არ აცნობებს, რატომ არ შეუძლიათ უნიკალური ნაპოვნის დათვალიერება.