თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აპირებს, საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს
ჯაბა სამუშია დათმობაზე მიდის. რექტორის მოვალეობის ახლადარჩეული შემსრულებელი თსუ-ში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის გამო იძულებული ხდება, კომპრომისზე წავიდეს და სტუდენტებს შეხვდეს. ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადასტურებს.
,,ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია, აპირებს, სტუდენტებისგან პირადად მოისმინოს ყველა ის მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები თსუ-ს რექტორის თანამდებობაზე მის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა. შევეცდები, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს სტუდენტობას აწუხებდა, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გავცე. ბუნებრივია, მუდმივი დიალოგი გვექნება ყველასთან.
ეს რომ იყოს რაიმე დადგმული ფარსი, ბუნებრივია, ალბათ შეძლებდა ვინმე, ან თუნდაც მე, რომ მეორე კანდიდატურა შემოეტანა.
რომ არ იყო არაფერი დადგმული, აბსოლუტურად ღია პროცესი რომ მიდის, თუნდაც აქედან ჩანს.
სტუდენტებსაც შევხვდები, შევხვდები სხვა ჯგუფებსაც, პროფესურას.
რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხები, რაც არ არის თუნდაც ერთი ჯგუფის, პროფესურის, აზრი, ის უნდა გავიტანოთ საყოველთაო განხილვის საგნად - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.