სავარაუდოდ, უკრაინას აქვს დამატებითი მტკიცებულებები, თუ რას საქმიანობს ივანიშვილის გარემოცვა - გიგაური
უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მესამე სექტორი ეხმაურება.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, თქმით, უკრაინა ამ გადაწყვეტილებას ჰაერზე არ მიიღებდა და სავარაუდოდ, უკრაინის სპეცსამსახურებს აქვთ მტკიცებულებები და იციან იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ არის ცნობილი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საეჭვო კავშირებზე.
ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ეხმარებიან თუ არა ეს ადამიანები კონკრეტულ რუს ოლიგარქებს, ან კონკრეტულ ადამიანებს, რომ თავი აარიდონ საერთაშორისო სანქციებს. ამიტომაც, ეს ინფორმაცია ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო, აქვს თუ არა უკრაინის სპეცსამსახურებს ეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ კავშირებზე საუბარი და შესაძლოა, რომ მათ აქვთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას საქმიანობენ ივანიშვილის გარემოცვა“. - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.