პროექტისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ამომრჩევლის მოსასყიდად იქნება მიმართული - ოპოზიცია
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, ოპოზიციაში ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბეჟაშვილს აინტერესებს, რატომ გაახსენდა ხელისუფლებას რეგიონები წინასაარჩევნოდ, როდესაც ამისთვის მთელი 9 წელიწადი ვერ მოიცალა. ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" ამ პროექტის საშუალებით კარგ ფულს გააკეთებს.
ხომ კარგად ვიცით, რომ ამ 9 წლის განმავლობაში რეგიონები ფაქტიურად მიტოვებული ჰქონდათ, ეს 500 მილიონი ფაქტიურად, წინასაარჩევნო დაპირებების შესარულებლად და ამომრჩევლების მოსასყიდად იქნება მიმართული და ისეთი პრეოექტების დასაფინანსებლად, რომელშიც ,,ოცნება" და მისი აქტივისტები ატკატების საშუალებით კარგ ფულს გააკეთებენ. - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
,,ევროპული საქართველოს" ლიდერს, კაკო ბობოხიძეს, მიჩნია, რომ გაჩერებული ეკონომიკის ფონზე ფინანსების სხვა პროექტებში ხარჯვა დანაშაულია.
გასაგებია, რომ ,,ოცნება" ყველაფერს აკეთებს არჩევნებში გასამარჯვებლად, მაგრამ დაუშვებელია, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და თანხებს სხვა პროექტებში მიმართავ, ეს დანაშაულია. არის თუ არა არჩევნები, მნიშვნელობა არა აქვს, დანაშაულია, როცა ეს პროექტი არჩევნების მოგების მიზნით კეთდება - აცხადებს კაკო ბობოხიძე.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, ფიქრობს, რომ პროექტებისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ვერ დაეხმარება.
500 მილიონი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ოქტომბერში ვატარებთ არა ადგილობრივ არჩევნებს, არამედ ხელახალ არჩევნებს ხელისუფლების ცვლილებისთვის. ეს არის ცვლილების არჩევნები და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. მაგრამ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების ყველანაირი ლიმიტი ამოწურული აქვს - აცხადებს მანჯგალაძე.
საქართველოს ხელისუფლება 63 მინიციპალიტეტის განვითარებისთვის 500 მილიონ ლარის გამოყოფას გეგმავს. პროექტებში 15 ათასი ადამიანი დასაქმდება. ინიციატივა დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გააჟღერა.