პოლიციამ ჩემი შვილი სცემა და აღიარებითი ჩვენება ისე მოიპოვა - კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა
35 წლის მერი ალადაშვილის მკვლელობა კახეთში - სასტიკ დანაშაულში ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურა ალადაშვილის, დედა ,,პირველებს" მომხდარის განსხვავებულ ვერსიას უყვება. ის ამტკიცებს, რომ დის სიკვდილში მხოლოდ მის შვილს არ მიუძღვის ბრალი და ადგილზე სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ვინ იყო ეს სხვა პირები, არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიციამ სცემა და მკვლელობა ზეწოლის შედეგად აღიარებინა.
ნუ (ზურა) რეკავს ტირილითა და ღრიალით- ვიფიქრე, ავარია ხომ არ მოხდა-მეთქი. რა იყო და ჩემი და აღარ არისო, მერი აღარ გვყავსო. გამითიშა.
პოლიციაში ამასაცა სცემეს და მის ძმასაცა. პოლიციამ სცემა, გინდა თუ არა, როგორ არ იცი, ვინ მოკლა, უნდა დაგენახაო.
ამან უთხრა, იქ ლამპიონები ნახეთო. არაო. აბა მე როგორ უნდა დამენახა, 11-ის ნახევარი იყოო. - ამბობს ბრალდებულ ზურა ალადაშვილის დედა.
სოფელ საქობიანოში დღეს ყველა ამ შემზარავი ამბის შესახებ საუბრობს. ირკვევა, რომ კონფლიქტი და-ძმებს შორის მანქანაში ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებმა საკუთარ დას, რომელიც ქმარსაა გაშორებული, ბრალი დასდეს, რომ ვიღაც მამაკაცს ხვდებოდა.
ალადაშვილის მეზობლები ,,პირველებს" უყვებიან, რომ 35 წლის ქალს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორივე ძმა სასტიკად გაუსწორდა. მომხდარიდან მალევე ერთ-ერთმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დარეკა და ამის შემდეგ გაიგო ფაქტის შესახებ პოლიციამ.