გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო - პატრიარქი

07.11.22 14:46
გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო - პატრიარქი

გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო - საქართველოს პატრიარქმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების, გურგენ გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და  ლევან სახელაშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს: 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, - გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა - აღნიშნავს წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.

 

ინფორმაცია მიხეილ ყაფლანიშვილისა და ალექსანდრე მარტიაშვილის დაღუპვის შესახებ 21 ოქტომბერს გავრცელდ. 31 ოქტომბერს კი იქნა ცნობილი გურგენ (გუგა) გაგნიძის დაღუპვის შესახებ.

გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ჯგუფი, რომელშიც ქართველი მებრძოლიც იმყოფებოდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ალყაში მოხვდა. 40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია 38 წლის ლევან სახელაშვილის დაღუპვის შესახებ. სახელაშვილი მიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას 22 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.