შეიქმნება თუ არა საქართველოში წამლებზე დეფიციტი? - მთავრობა 2023 წლიდან ზღვრულ ფასებს აწესებს
შეიქმნება თუ არა საქართველოში დეფიციტი წამლებზე? - მთავრობა 2023 წლიდან ზღვრულ ფასებს აწესებს.
ირკვევა, რომ აფთიაქებს აეკრძალებათ მედიკამენტები იმაზე უფრო ძვირად გაყიდონ, ვიდრე მთავრობა დაადგენს.
დღეს, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჟურნალისტებს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის პრინციპზე ესაუბრა.
აზარაშვილმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საუბარია ქრონიკული და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენას. სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის და ფასების დადგენის პრინციპის.
ეს არ არის კონკრეტული ფასის დაწესება მედიკამენტებზე. ეს არის მაქსიმალური ჭერის განსაზღვრა, რა ფასზე ზევითაც ვერც საბითუმო და ვერც აფთიქები ვერ მოახდენენ.
პირველ ეტაპზე, იანვრიდან ეს შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს. უკე მეორე კვარტლიდან შეეხება ნებისმიერ სარეცეპტო მედიკამენტს“. - განაცხადა აზარაშვილმა.
იაფი წამალი არ ნიშნავს კარგს, ამიტომაც, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციებში ამბობენ, რომ არსებობს რისკი, რომ მაღალი სანდოობის საერთაშორისო ბრენდებმა საქართველოს ბაზრის მიმართ ინტერესი დაკარგონ და მედიკამენტების ნაწილი აფთიაქებიდან უბრალოდ გაქრეს.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციების ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა „პირველებთან“ ისიც განაცხადა, რომ ამ რისკებზე სალაპარაკოდ ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრაა ჩანიშნული.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ფასები იქნება საქართველოში მაქსიმალურად დაფისქირებული და ამის შემდეგ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი კომერციულად, რამდენად საინტერესო დარჩება საერთაშორისო კომპანიებისთვის. ხვალაც არის შეხვედრა, მიწვეულები ვართ ჯანდაცვის სამინისტროში და ველოდებით, რომ ვისაუბრებთ დეტალებზე“. - ამბობს მარგველაშვილი.