"გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, დაისჯებით" - ძებნილი ვაჟა მელაძე განცხადებას ავრცელებს
ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელი, ვაჟა მელაძე, პირველ კომენტარს აკეთებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს ეხმიანება.
მელაძე ამბობს, რომ დააკნინეს, გაძარცვეს და თაღლითი შეარქვეს.
კომპანიის მფლობელი ყველას ჰპირდება, რომ სათანადო პასუხს გასცემს.
მისი თქმით, შეიძლება, დაიჭირონ, გაანადგურონ, მაგრამ ყველაზე საშიში სწორედ მიწასთან გასწორებული იქნება.
მელაძე ასევე წერს, რომ "მთავრობის ტელევიზიები" საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის ცდილობდნენ, თავი გამოიდონ, მაგრამ ფაქტები მის გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი.
"ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი, ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ, მაგრამ ვეგუები.
დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება დაიკიდეს, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, რიჟიკაც შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არაუშავს.გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ, თითეული გარეული პირი ჩემს ანტიკამპანიაში და ყალბი ბრალდების შედგენაში მონაწილე დაისჯებით თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით, ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.
შეიძლება, დამიჭიროთ, გამანადგუროთ მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.
თუმცაღა მიხარია, რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი, ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით, მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა, თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული ბნელი საქართველოს სიმბოლოები.
საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ, თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ, ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი, ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.
როცა წყალი იმატებს, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს - ჭიანჭველენი - თევზებს, ეს გახსოვდეთ", - წერს მელაძე.
პროკურატურის განცხადებით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირთან ერთადაა ბრალდებული.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.