ვითხოვთ ანაზღაურების გაზრდას - გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები გაიფიცნენ

11.11.22 15:50
ვითხოვთ ანაზღაურების გაზრდას - გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები გაიფიცნენ

გაგვიზარდეთ ანაზღაურება, ვითხოვთ სამედიცინო დაზღვევას -  ხელფასის მომატებების მოთხოვნით გორის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები გაიფიცნენ.

ჰოსპიტლის დამლაგებლები ამბობენ, რომ სამსახურში იქამდე არ დაბრუნდებიან, სანამ მათი ხელფასების საკითხი არ გადაიხედება. როგორც ცნობილია, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 280 ლარია და დანარჩენი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მათ არც ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვთ.

გორის ჰოსპიტალის თანამშრომლები განმარტავენ, რომ როცა ისინი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ, დაზღვევის პრობლემა მოგვარებული ჰქონდათ, დღეს კი ამ კუთხით მათ პრობლემები შეექმნათ.

როცა ვიყავით სამხედრო ჰოსპიტალზე დამოკიდებული, ელემენტარული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება გვქონდა, შვილებზე იყო 50% და ჩვენზე 100%.

დღეს მაგალითად ჩემს შვილს ფილტვებზე გადაღება სჭირდებოდა და გადავიხადე 35 ლარი. არანაირი დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს. ასევე, ყველაზე დაბალი ხელფასის მატარებლები ჩვენ ვართ. სხვა თანამშრომლებს 10% მოემატათ, ჩვენ არაფერი. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, შვილები . - აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები. 

გორის ჰოსპიტალის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც გაფიცულებს შეხვდა, აცხადებს, რომ  ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცდება მათი პრობლემების მოგვარებას.