"თუ ოდესმე ღარიბაშვილს შევხვდი"... - პირველი ინტერვიუ უკრაინაში დაღუპული გმირის მამასთან

07.12.22 11:21
"თუ ოდესმე ღარიბაშვილს შევხვდი"... - პირველი ინტერვიუ უკრაინაში დაღუპული გმირის მამასთან

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მამა პრემიერს პასუხობს. "პირველებმა" არჩილ ხოფერიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

ირაკლი ღარიბაშვილის იძულებითი სამძიმრის და მებრძოლების დისკრედიტაციის შემდეგ გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა პრემიერს ახსენებს, რომ რუსეთთან ბრძოლა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. 

არჩილ ხოფერიას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთებისას მეტი დაფიქრება მართებს. 

ომი რომ დაიწყო, ჩათვალა თვითონ, რომ მოვალე იყო. იქ, ადგილზე, რაღაც მოვალეობები აწუხებდა. ალბათ მეგობრები, კავშირი უკრაინასთან, ჩვენი ისტორიული მტერი - რუსეთი. შეიძლება ამერიკაც რომ დასხმოდა თავს, მაინც წავიდოდა, იმიტომ, რომ რაღაც მოვალეობები ჰქონდა, მაგრამ რუსეთი მაინც მისთის განსაკუთრებული იყო, როგორც ჩვენი ისტორიული მტერი.

მენტალურად და ფიზიკურად მზად იყო ომისთვის. როგორ იყო ჩვენთან ადრე? იყო მხედრული აღზრდა და ეს იწყებოდა ბავშვობიდან და მე ვცდილობდი, რომ ასე გაზრდილიყო ეგ და თითონ ჰქონდა მაგასაც მაგის ნიჭი. არავითარი გმირი არ იყო ჩემი შვილი-მეთქი, ხომ გეუბნებით. ჩემი შვილი ასრულებდა მის კაცურ მოვალეობას. ახლა ამას თუ თქვენ გმირობას არქმევთ, ნება თქვენია. სხვები სხვა რამეს არქმევენ, მაგალითად... ადამიანების გარკვეული ნაწილი... თუ რამე სათქმელია, მე არაფერს დავმალავ, მაგრამ ჩემს თქმას უნდა ჰქონდეს აზრი.

მე რომ ვთქვა რაღაც, თუ ოდესმე ღარიბაშვილს შევხვდი პირადად, ადამიანურად ორ სიტყვას ვეტყვი, მე მასზე უფროსი ვარ და უფლება მაქვს. შვილებს მიხედოს, ბედნიერად იყოს, გაუზარდოს შვილები ქვეყანას, ამას ვეტყოდი, მეტს არაფერს... კაცებად, ადამიანებად და ა.შ. რა ვიცი, მე მგონია, ქართველია მაინც ღარიბაშვილი და წუხს მის ქვეყანაზე, შეცდომა მოსდის ყველას, ცოტა მეტი უნდა იფიქროს ამ მაღალ იერარქიულ კიბეზე მდგარმა კაცმა, ვალდებულია, უბრალოდ... მე შეიძლება, ჩემს თავს მეტის თქმის უფლება მივცე, მით უმეტეს დღეს, როცა ჩემს უკან აღარაფერია, უკან რომ მივიხედო, - ამბობს არჩილ ხოფერია. 

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებთან ომში დაიღუპა. მის ცხედარს ქვეყანაში 2 დღეში ჩამოასვენებენ.