"თუ აქამდე არჩევნები უნდა მოგვეხაზა, ახლა უნდა გავაფერადოთ" - ცესკოს კანდიდატების მოსმენა პარლამენტში
საქართველოს პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.
კანდიდატების სიაში, რომელიც პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნა, მოქმედი თავმჯდომარის გვარი და სახელი არ წერია. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კალანდარიშვილი "ქართული ოცნებისთვის" მისაღები კანდიდატია, არსებობს რისკი, რომ ზურაბიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებათ.
პირველი, ვისაც დეპუტატებმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, თამარ ალფაიძე იყო. ალფაიძემ პირდაპირ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას არჩევნებისადმი ნდობა დაუბრუნდეს. მისი თქმით, ტექნიკურად გამართული არჩევნების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.
ამის გარდა, კანდიდატმა "ოცნების" დეპუტატებს მოუწოდა, გადაწყვეტილება მხარდაჭერასთან დაკავშირებით არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად მიიღონ.
პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაცემულ გმირთა ოჯახებს. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. არასდროს ვყოფილვარ აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.
არჩევის შემთხვევაში ჩემი მთავარი მიზნებია: ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და სასარგებლო რეფორმები გახორციელდა ცესკო-ში, რასაც გულწრფელად მივესალმები, მაგრამ ამ მედალიონს ორი მხარე აქვ: ეთიკური და ტექნიკური. პრაქტიკაში ტექნიკამ ეთიკა მოკლა, რადგან მიზნის მიღწევაში ხელს უშლიდა. რაც არ უნდა ტექნიკურად გამართული იყოს არჩევნების პროცესი, თუ ამომრჩეველთან ნდობა დაბალია, ყველაფერს ფასი ეკარგება. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს, რომ გავაფერადებთ ჩვენს მომავალს, - თქვა ალფაიძემ.