დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ბახმუტთან 5 ქართველის გარდაცვალების გამო - ილია II
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II, 3 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 5 ქართველი სამხედროს დაღუპვას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ - ნათქვამია საპატრიარქოს გვერდზე განთავსებულ ილია მეორის სამძიმარში.