ISIS- ში გაწევრიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალი წაუყენეს
საქართველოს პროკურატურამ 7 დეკემბერს თბილისის აეროპორტში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.