დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარედგინა

09.12.22 15:57
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 11 200 ლარი გადასცა.

ვინაიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და აღნიშნულის შედეგად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.