ბაბუის მიერ მოკლული დედა 9 და 12 წლის ბავშვებმა ნახეს - აჭარაში მოკლული ქალის დეიდა
ახალი დეტალები აჭარაში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის შესახებ - ერთ-ერთი ვერსიით, 40 წლის ქალი მამამთილმა მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ქალი პოლიციაში რეკავდა.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდა, აცხადებს, რომ 65 წლის კაცს თავდაპირველად კონფლიქტი ცოლთან მოუვიდა, დედამთილმა კი რძალს პოლიციაში დარეკვა სთხოვა.
მოკლულის ოჯახის წევრის თქმით, მამამთილი რძალს უკნიდან მიეპარა და ზურგში ესროლა.
ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, დედამთილმა სთხოვა დახმარება, უთხრა, პოლიციაში დაერეკა. ჩემი დისშვილი სამზარეულოში შედიოდა, როცა მიეპარა და ზურგში ესროლა. ერთი გამჭოლი ჭრილობა აქვს. 9 და 12 წლის ბავშვები გვერდით ოთახში იყვნენ, როცა გამოვიდნენ, შემზარავი სურათი დახვდათ"- თქვა მოკლულის დეიდამ.
ქალი აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის ალკოდამოკიდებულებისა და მძიმე ხასიათის გამო პარსულში პოლიცია არაერთხელ იყო გამოძახებული, თუმცა მას შემაკავებელი ორდერი არავინ გამოუწერა.