მეტრო "გოცირიძე" ისევ ვერ გაიხსნება - კალაძე "მამისონს" "უპასუხისმგებლოს" უწოდებს და ხელშეკრულებას წყვეტს
თბილისის მერმა ,,უპასუხისმგებლო" უწოდა კომპანია ,,მამისონს", რომელიც მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა.
როგორც კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არ არის დარწმუნებული, რომ კომპანია რეაბილიტაციის დროს დაშვებულ დეფექტს გამოასწორებს, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ,,მამისონთან" ურთიერთობა შეწყვიტოს.
კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია, ჯერ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მიმდინარეობს ექსპულატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება.
აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია დადგენილი დეფექტების გამოსწორებას შეძლებს.
მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის უპასუხისმგებლო კომპანია და არ გვაქვს სურვილი, მათთან თანამშრომლობის. მიიღეთ ყველა ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერც ერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გააკეთეთ ყველა გადასადგმელი ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას. ასეთი კომპანიები არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია აპირებს, ,,მამისონის" მიერ დაშვებული შეცდომები საკუთარი ძალებით გამოასწოროს , ხოლო ის თანხები, რაც პროექტის შესრულებისას დაიხარჯება, კომპანიისგან სასამართლოს გზით მიიღოს.