სკანდალში გახვეული ექსპერტის პირველი ინტერვიუ - რას ამბობს გეჯაძე ხაჭაპურიძის უმძიმეს ბრალდებაზე
სკანდალში გახვეული ექსპერტის პირველი ინტერვიუ - ალექსანდრე გეჯაძე შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებს პასუხობს.
მიიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ჩართვაზე შეთავაზება დამოუკიდებელმა ექსპერტმა - ალექსანდრე გეჯაძე ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა, ექსპერტი იმას არ უარყოფს, რომ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ რამდენიმე დღის წინ მას ნამდვილად დაურეკა.
გეჯაძე ხაჭაპურიძის სკანდალურ განცხადებას ღიმილისმომგვრელს უწოდებს და „პირველებთან“ ამბობს, რომ ყველაფერზე მაშინ ისაუბრებს, როდესაც ამის დრო მოვა.
„დასამალი არაფერი არ არის. შალვა ხაჭაპურიძემ დამირეკა რამდენიმე დღის წინ.
ღიმილისმომგვრელია მისი ეს ტერმინები. როცა მოვა ამის დრო, ყველაფერს ვიტყვი, ახლა კი კომენტარს არ გავაკეთებ.
დიდი ინფორმაცია მოგეცით „ტვ პირველს“. გარდა ამისა, კიდევ შემიძლია რაღაცებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მე ხომ არ ვარ საჯარო მოხელე, გთხოვთ ჩემი კერძო ოფისი დატოვოთ“. - თქვა გეჯაძემ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დასკვნა შსს-ს მოთხოვნით გააყალბა.
ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ექსპერტის აღიარების აუდიო ჩანაწერიც. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ გეჯაძე მის სიტყვებს არ დაადასტურებს, ფარული აუდიო დღის სინათლეს იხილავს.
სწორედ ამ მიზეზით, სააკაშვილის ადვოკატმა დღეს მესამე პრეზიდენტის საქმეში გეჯაძის ჩართვა გამორიცხა.