იმერეთში სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი რომელიც სავარაუდოდ, გარდაცვლილ კაცს ეკუთვნის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმაურისა და გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათივე თქმით, 66 და 67 წლის ცოლ-ქმარს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ.
"პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.