თბილისის ისტორიული უბნების ავარიული შენობების პრობლემის მოგვარების მიზნით პროგრამა შეიქმნება

25.01.23 12:18
 თბილისის ისტორიული უბნების ავარიული შენობების პრობლემის მოგვარების მიზნით პროგრამა შეიქმნება

კახა კალაძემ ვიცე-მერს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით პროგრამის შექმნა დაავალა.

 როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შესაბამისი პროგრამის შექმნა ხელს შეუწყობს მოსახლეობის მერიასთან კოორდინაციასა და თანამშრომლობას.

მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, იმუშავოს სხვადასხვა სამსახურთან ერთად, რათა შევიმუშაოთ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი სახლების გაჯანსაღების პროგრამა. შეადგინეთ და მოსახლეობას შევთავაზოთ კონკრეტული მოდელი, რომლითაც ისინი შეძლებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ყოველდღიურად, ისტორიულ უბანში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე მოგვმართავს ანალოგიური პრობლემით. მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები მათი საკუთრებაა, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება.

ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო, - განაცხადა კახა კალაძემ.