კაკულიების საქმე თავდაყირა დგება - ორივე დაზარალებული უარყოფს, რომ ძმებმა დაჭრეს
ე.წ. განგსტერი ძმები გათავისუფლების მოლოდინში არიან. ვაკეში მომხდარი შეირაღებული თავდასხმის საქმე თავდაყირა დგება. ძმებ კაკულიების წინააღმდეგ პროკურატურამ დაზარალებულის ჩვენება ვერ მოიპოვა.
სხოდამათა დარბაზში მისული დაზარალებული სერგი ქურთიაშვილი დღეს მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ის ძმებ კაკულიებს არ დაუჭრია და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელიც ამ წუთებში აძლევს ჩვენებას, ქურთიაშვილს ეთანხმება და ისიც ამბობს, რომ ძმებ კაკულიებს ის არ დაუჭრია.
მეტიც, სხდომათა დარბაზში ორივე მთავარმა მოწმემ ძმებს მალე გათავისუფლება უსურვა.
„იმ დღეს, შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე კი, ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მერე მე შევტრიალდი და მანქანის მიმართულებით გადავხტი, იმის მერე არაფერი მინახავს. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, ის მანქანაში იჯდა და არ გადმოსულა.
ბრალდებულებს [ძმებ კაკულიებს] ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ბატონო მოსამართლევ, რომ ესენი არცერთი არ იყვნენ”, - განაცხადა სერგი ქურთიაშვილმა.
უნდა გამოიყოს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ საქმეზე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს არის იარაღი, რომელიც ცალკე წარმოებად გამოჰყო შოთაძის უწყებამ.
იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, განხორციელდა გასროლა კაჭკაჭიშვილისა და ქურთიაშვილის მისამართით და ჩხრეკის შედეგად რამდენინე დღის წინ აღმოაჩინეს კაკულიების სახლში, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის, თუმცა გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა გარდაცვლილი პრემიერმინისტრის შვილის დაკითხვა. ბუსა ჟვანია საზღვარგარეთ იმყოფება.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.