საქმე თავზე არ ჩამოგვნგრევია - კაკულიების საქმის პროკურორი
არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს ძმებმა კაკულიებმა ესროლეს - ამის შესახებ გახმაურებული საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.
ყულჯანიშვილის მტკიცებით, პროკურატურას საქმე არ ჩამონგრევია, რადგან, როდესაც ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინეს, დაზარალებულების მიერ მიწოდებულ ჩვენებას, მაინც და მაინც, არ ემყარებოდნენ იმიტომ, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.
დაზარალებულები - სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭაშვილი ბრძანებენ, რომ ძმები კაკულიები არ არიან თავდამსხმელები, საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დგინდება, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაადგილდებიან, ნამდვილად ძმები დავით და გურამ კაკულიები არიან.
პროკურატურას საქმე არ ჩამონგრევია, ვინაიდან არც თავის დროზევე, როდესაც მოხდა ბრალდების წარმდგენა ამ ორი პიროვნების მიმართ, არ ვემყარებოდით მაინც და მაინც დაზარალებულების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ვინაიდან ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. ბრალდება ემყარება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ობიექტურ, ნეიტრალურ მტკიცებულებებს, რომლითაც ვთვლით, რომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა მათი ბრალეულობა.
რაც შეეხება იარაღს, თუ როგორ აღმოჩნა ზურაბ ჟვანიას იარაღი კაკულიების ხელში, ბრალდების დადგენილებაშიც გვიწერია, რომ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინეს მათ მართლსაწინააღმდეგოდ აღნიშნული იარაღები", -ამბობს თამარ ყულჯანიშვილი.
დღეს სასამართლოს ჩვენება ორივე დაზარალებულმა მისცა. ქურთიაშვილიც და კაჭკაჭიშვილიც უარყოფს, რომ მათ ძმებმა ესროლეს.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.