სააკაშვილი რჩება პალატაში - მესამე პრეზიდენტს რეანიმაციაში არ გადაიყვანენ

26.01.23 11:15
სააკაშვილი რჩება პალატაში - მესამე პრეზიდენტს რეანიმაციაში არ გადაიყვანენ

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსის მსუბუქი გამოვლენა აქვს. მდგომარეობა კი სტაბილურია. 

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამ საკითხს ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურად იკვლევს. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. მისი თქმით, ელოდებიან ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს.

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან“, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი რჩება პალატაში.

კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია, ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს? ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო. მკურნალ ექიმთან ერთად, ყველა ექიმი ვმონაწილეობდით კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ პალატაში არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეუტანიათ.

ჩხაიძე იქვე ამბობს, რომ  საჭიროების შემთვევაში  მათ ყველა საჭიროს სახის აპარატურა აქვთ. 

კადრებში სასუნთქი აპარატი რატომ უნდა ჩანდეს? რესპირატორული მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში. სატურაცია ნორმის ფარგლებშია. მას არ ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის მიწოდება" ,- თქვა მან. 

ამასთან, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საპასუხოდ ამბობს, რომ გონების კარგვის ეპიზოდი ექიმს არ დაუფიქსირებია.