ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნა

27.01.23 14:37
ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ხარაგაულის პოლიციაში ამირან კვირიკაშვილის არასათანადო მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე უფლების მუხლების დარღვევა.

საქმის მასალების მიხედვით, ჯართის ქურდობაში დადანაშაულებულ ამირან კვირიკაშვილს ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილემ სახეში ფურცლები გაარტყა და დაემუქრა, რომ „მიხედავდა“. 

ოჯახის ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ კი ამირან კვირიკაშვილი გახდა დეპრესიული, ერიდებოდა სახლიდან გასვლას და გამოხატავდა თვითმკვლელობის განზრახვას.

მას ასევე აწუხებდა შიშები, რომ პოლიცია კვლავ დაუკავშირდებოდა და ისეთი დანაშაულის აღიარებას მოსთხოვდა, რომელიც არ ჩაუდენია.

ოჯახის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად ადასტურებს კავშირს მისი შვილის თვითმკვლელობასა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვას შორის. შესაბამისად, განმცხადებელი უთითებს, რომ მის შვილზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლასა და შედეგად, მის თვითმკვლელობაში იკვეთება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გარანტირებულ სიცოცხლისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლებებთან  – აღნიშნულია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.

2017 წლის 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილმა ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი გასაუბრების  შემდეგ ერთ კვირაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ოჯახის წევრები გარდაცვლილის თვითმკვლელობას პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ.