მამინაცვალს, რომელიც გერზე სექსუალურად ძალადობდა, მსხვერპლმა სამოქალაქო დავა მოუგო - PHR

27.01.23 16:54
მამინაცვალს, რომელიც გერზე სექსუალურად ძალადობდა, მსხვერპლმა სამოქალაქო დავა მოუგო - PHR

ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მოძალადეს სამოქალაქო დავა მოუგო.

ირკვევა, რომ მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა.

ფაქტი სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს და წერს, რომ მოძალადე ჩუქების  ხელშეკრულების ბათილობას მოითხოვდა, რომელიც საბოლოოდ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

"2021 წელს, მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ რაც გერმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა  (ბინის წართმევა და გერის ქუჩაში დატოვება) მოისურვა. მოძალადე მოითხოვდა ჩუქების  ხელშეკრულების ბათილობას. მოძალადისთვის ცნობილი იყო ძალადობის მსხვერპლის მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა და, ეკონომიკური ძალადობის გზით ამ მდგომარეობის გაუარესებასაც ისახავდა მიზნად", - აღნიშნავს ორგანიზაცია. 

PHR ძალადობის მსხვერპლს იცავდა. მათი ცნობით, სასამართლომ მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და  მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა.