სასტუმროს ჯავშნები უქმდება, ბაკურიანი და გუდაური დაცარიელდა - ზამთრის საკურორტო სეზონი ქვეყანაში ჩავარდა
ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდა - სასტუმროებში ჯავშნები ერთი მეორის მიყოლებით უქმდება. ბაკურიანი და გუდაური დაცარიელდა. მიზეზი ამინდია. საკურორტო ზონაში თოვლი არ არის.
ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩვენს ქვეყანაში სასრიალოდ მოდიოდნენ, ჩამოსვლაზე უარს ამბობენ.
იმისთვის, რომ სეზონს მომზადებულები დახვედროდნენ, საკურორტო ზონაში მეწარმეებმა დიდი ფული დახარჯეს, ახლა კი დახარჯული თანხის უკან დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებენ.
ტურისტული სააგენტოები ხელს სახელმწიფოსკენ იშვერენ, რადგან ეკონომიკის სამინისტრო სეზონს ამჯერადაც მოუმზადებელი შეხვდა.
მეწარმეები აცხადებენ, რომ ასეთი კრიზისი 2014 წლის შემდეგ არ უნახავთ, რადგან ამ დროიდან ქვეყანაში ხელოვნური გათოვლიანების პროგრამა ამოქმედდა.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია, აცხადებს, რომ საჯარო სექტორი პრობლემებსა და გამოწვევებს მოუმზადებელი შეხვდა.
თუ იცით, რომ პრობლემა არსებობს, მაშინ უნდა მოვემზადოთ, რისკების არასწორი გათვლა არის მიზეზი.
ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ გუდაურში თოვლი არ მოვიდეს, მაგრამ ეს პრობლემები უნდა გაითვალისწინონ. როგორც უთოვლობა, ასევე დიდთოვლობა ისეთივე რისკია და ის უნდა გაითვალისწინონ.
არის შემთხვევები, როცა დიდთოვლობაა და ჩვენ ინფრასტრუქტურული პრობლემები გვეწყება, ახლა კი ვხედავთ, რომ უთოვლობის პრობლემაც გვაქვს. ამისთვისაც არის გამოსავალი და უბრალოდ, მზად უნდა ვიყოთ -ხოლმე. - ამბობს ერეკლე კოკაია.
ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროების მფლობელები ჩავარდნილი სეზონის გამო დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. თუმცა, ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ემზადება საზამთრო ოლიმპიადისთვის, რომელიც ბაკურიანში 19 თებერვლიდან 5 მარტის ცათვლით ცატარდება და სავარაუდოდ, ხელოვნური გათოვლიანების ტექნიკა იქ დასჭირდებათ.