გართობაზე დახარჯული ნახევარ მილიონამდე ლარი - ხინჩეგაშვილის უწყებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
კონცერტები, ცეკვა, თამაში და გართობა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიების საგანი გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაცები გორიდან თვლიან, რომ ქალაქის მერიის ხარჯები კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და არამიზნობრივია.
როგორც ირკვევა, ხინჩეგაშვილის უწყებამ ბოლო 2 თვეში ისე დახარჯა ნახევარ მილიონამდე ლარი სხვადასხვა ღონისძიებებში, რომ ტენდერი საერთოდ არ გამოუცხადებია.
გორის მერია და კულტურის აიპი ერთმანეთის მიყოლებით აფორმებდა გამარტივებული შესყიდვის ფორმით, ხელშეკრულებებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მზადდება წერილი სახელმწიფო აუდიტისთვის, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ხარჯების შესწავლა და სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამოვლენა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაატარა ექვსი კონცერტი, რომელზეც დახარჯულია დაახლოებით 250 ათასი ლარი, თუმცა არ შეუძლია დაასაბუთოს რატომ გადაწყვიტა ამდენი კონცერტის ჩატარება და რატომ გაიღო ამხელა ხარჯი. მით უმეტეს, რომ ამ თანხიდან მხოლოდ 11% დაიხარჯა მოქალაქეების დასახმარებლად. ვგულისხმობ სასურსათო პაკეტებს, რომლებიც თითო ოჯახის შემთხვევაში დაახლოებით 90 ლარს აღწევდა. "მოზაიკა" და მისი პარტნიორი ორგანიზაციებიც, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ მასალაზე ვმუშაობდით, თვლიან, რომ ამ ხარჯების გაგებით და მთელი ამ პროცედურებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესყიდვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელა პირდაპირი გზით",- გვანცა დოლუაშვილი.