როგორ მოწამლეს მხარდამჭერები და მოიპარეს ფული - მხილება "ოცნების" რიგებიდან
ბიძინა ივანიშვილის პარტიის ვეტერანი წევრი "ქართულ ოცნებაში" გამეფებულ შიდა პარტიულ კორუფციას ამხელს. ნონა გოგისვანიძე "შაბათის ეთერს" უყვება, როგორ დაწამლეს პარტიის ლიდერებმა, მათივე მხარდამჭერები, იმის გამო რომ ფული მოეპარათ.
გოგისვანიძე, ამბობს, რომ ფულის მოპარვის და თანაპარტიელების დაწამვლის ამბავი ბიძინა ივანიშვილამდე მიიტანა, თუმცა საბოლოოდ, რეპრესიების მსხვერპლი შიდა პარტიული მხილების გამო თავადვე აღმოჩნდა.
ქალი იხსენებს, რომ 2019 წელს, როცა "ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერების დიდი მობილიზაცია გამოაცხადა, რეგიონებში ხალხი მოაგროვეს და ნაქირავები მიკროავტობუსებით თბილისში ჩამოიყვანეს, ტრანსპორტირებისა და კვებისთვის გამოიყო დიდი ფული, თუმცა ფული მოიპარეს.
ნონა გოგისვანიძის თქმით, სამტრედიიდან ჩამოყვანილი ხალხის ერთი ნაწილი, შეუძლოდ აქციაზევე გახდა, მეორე ნაწილს მოწამვლის ნიშნები, უკანა გზაზე გამოუვლინდა.
ირკვევა, რომ 500 კილომეტრიან გზაზე, "ოცნების" ლიდერებმა მათვე მხარდამჭერებს 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 სოსისი და 2 ნაჭერი პური მისცეს, არადა ფული სრული კვებისთვის პარტიას გამოყოფილი ჰქონდა. ამის შემდეგ ხალხმა დაიწყო იმის გარკვევა, ვინ გაიმეტა მოსაწამლად და სად წაიღეს ადგილობრივმა ლიდერებმა ფული.
ქალი მოწამლული თანაპარტიელების უფლებების დასაცავად და ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნების მიერ მითვისებულ თანხებზე სასაუბროდ, თბილისში ჩავიდა. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში, მასობრივი ინტოქსიკაციიდან ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 20 იანვარს, პირადად ბიძინა ივანიშვილთან შედგა. ნონა გოგისვანიძის სკანდალურ განცხადებას, ივანიშვილთან ერთად ისმენდნენ ირაკლი კობახიძე, დიტო სამხარაძე, კახა კალაძე და ოცნების კიდევ რამდენიმე ლიდერი.
ფაქტზე ძიება დაიწყეს, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. ოლიგარქთან შეხვედრიდან ზუსტად 2 კვირაში ნონა გოგისვანიძეს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და მალევე თანამდებობიდანაც გაუშვეს. ეჭვმიტანილი, ვისზეც "ოცნების" გადაყენებული აღმასრულებელი მდივანი გამოძიებას ესაუბრა, ვალერიანე ფოცხვერიაა. მმართველი პარტიის სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ფოცხვერიამ "შაბათის ეთერთან" საუბარი არ ისურვა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კი პარტიულ სკანდალზე კომენტირებას დუმილი არჩია.
ქალი "ტვ პირველთან" კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პირდაპირ ამბობს, როგორ უღებენ ერთმანეთს და როგორ აგზავნიან ფარულ ვიდეო მასალებს ცენტრალურ ოფისში.
ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი