გორელ გარემოვაჭრეს პიანინოში შენახული ერთი კილოგრამი ოქრო და 150 ათასი დოლარი მოპარეს

28.01.23 22:03
გორელ გარემოვაჭრეს პიანინოში შენახული ერთი კილოგრამი ოქრო და 150 ათასი დოლარი მოპარეს

გორელ გარემოვაჭრეს პიანინოში შენახული ერთი კილოგრამი ოქრო და 150 ათასი დოლარი მოპარეს - 33 წლის ალბინა გოგიაშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ წლების განმავლობაში ნაგროვებ ფულსა და 33 650 ლარის ღირებულების სამკაულებს პოლიციამ ვერ მიაგნო. 

ქურდობის ფაქტი 2021 ივლისს 14 ივლისს მოხდა. ქალი იხსენებს, რომ სამსახურიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა,  რომ სახლი არეული იყო, პიანონიში შენახული ოქრო  კი წაღებული. გოგიაშვილმა პოლიციას 27 ივლისს  მიმართა და გამოთქვა ეჭვი რომ სახლი მისმა ნაცნობმა, რამიზ გულიევმა გაქურდა.

გულიევი პოლიციამ არაერთხელ დაკითხა, ჩამოართვეს მობილური, აიღეს დნმ-ის ნიმუშები, თუმცა ქურდობის საქმეში სამართადამცავებმა სამხილები მის წინააღმდეგ ვერ იპოვეს. 

ირკვევა, რომ გოგიაშვილი მისი ნაცნობის დასჯას სისტემატიურად ითხოვდა. ამის გამო ქალსა და რამიზ გულიევს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. კაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მალევე მას ბრალი ქურდობის მუხლითაც წარუდგინეს, თუმცა რამიზ გულიევი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და საქმე იმიტომ შეუკერეს, რომ პოლიციას საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ.

საგამოძიებო უწყება ორი მოწმის, თამარ მაჭარაშვილისა და ზურაბ მოციქულაშვილის ჩვენებებს დაეყრდნო. აქიდან მაჭარაშვილმა მალევე უარყო, რომ ალბინა გოგიაშვილის სახლში რამიზ გულიევი დაინახა. რაც შეეხება მოციქულაშვილს, ის საქმეში წელიწადნახევრის შემდეგ გაჩნდა. ადვოკატების თქმით, ეს უკანასკნელი ცრუ მოწმეა და ამას მისი ჩვენებაც ამყარებს. მოციქულაშვილი დეტალურად აღწერს ბრალდებულს და მის ჩაცმულობას, თუმცა ვერ იხსენებს ჰქონდა თუ არა თავად იმ დღეს ტელეფონი, რომელიც მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნას დაადასტურებდა. თავად ზურაბ მოციქულაშვილი გაუჩინარებულია. 

რამიზ გულიევის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ალბინა გოგიაშვილმა კაცი შურსძიების მიზნით დააჭერინა, მიზეზი კი წლების წინ დაწყებული ფინანსური დავაა. ახალგაზრდა კაცის ახლობლები სამართლიან სასამართლოს ითხოვენ.