გელათის ტაძარზე სკანდალური დასკვნის მომზადების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა

31.01.23 14:13
გელათის ტაძარზე სკანდალური დასკვნის მომზადების შემდეგ, ცენტრში  აუდიტის სამსახური შევიდა

სარესტავრაციო სამუშაოები არასწორად ჩატარდა, რამაც შესაძლოა, ძეგლი განადგურების პირას მიიყვანოს - ,,ჩუბინაშვილის საექსპერტო ცენტრს" გელათის ტაძარში არსებულ სიტუაციაზე მომზადებული აღნიშნული დასკვნა შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს.

ყოველი წვიმის მოსვლა გელათში დამატებით უნიკალური ფრესკების ჩამორეცხვას ნიშნავს. - აღნიშნული შინაარსის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც საექსპერტო ცენტრმა საპატრიარქოს დაკვეთით ჩაატარა, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ფინანსური დოკუმენტების მოკვლევა დაიწყო.

,,ჩუბინაშვილის საექსპერტო ცენტრში" ვერაფერ საგანგაშოს ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ სწორედ ამ დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ გადაწყვიტა აუდიტის სამსახურმა მათი ფინანსების შემოწმება.

ჩვენ ვართ სამეცნიერო ორგანიზაცია, რომლებიც ვართ კულტურის სამინისტროს ეგიდის ქვეშ და ზემდგომი ყოველთვის არის უფლებამოსილი, შემოვიდეს და მით უმეტეს, წლის დასაწყისია და ყოველ წელს ხდება ეს. 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი დაწესებულება ემსახურება ძეგლებს და გელათის შესახებ უამრავი ნაშრომი გვაქვს. 

არც საპატრიარქოს ნაბიჯია გასაკვირი, როცა სწორედ ჩვენ გვთხოვეს გელათის მდგომარეობის შეფასება - აცხადებს საექსპერტო ცენტრის თანამშრომელი.

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც გელათში არსებული სიტუაციის შესახებ დასკვნას გაეცნო, მოუწოდებს კულტურის მინისტრს, დადოს სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გადარჩეს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლი.

ასეთი მძიმე დასკვნა არ ვიცი, არ წამიკითხავს, არ გამიგია. ორმაგად მძიმეა ეს დასკვნა, რადგან ეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს რელიგიურ, ისტორიულ ძეგლს. 

პირადად კულტურის მინისტრის პასუხისმგებლობაა ის დანაშაულებები, რაც ხდება გელათთან დაკავშირებით. 

მინდა, მოვუწოდო წულუკიანს დღეს, არავითარი ,,გადადექი და სახლში წადი", უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.