ხანუმ ჯეირანოვას საქმე - ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი, დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2014 წლის 16 სექტემბერს სოფელ ლამბალოში დაზარალებული პირი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.
დაზარალებულმა პირმა 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.