ცემა ჭიქებით, წიხლებით და ხელბორკილებით - ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს წამებაში ადანაშაულებენ

01.02.23 11:12
ცემა ჭიქებით, წიხლებით და ხელბორკილებით - ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს წამებაში ადანაშაულებენ

სასტიკი წამება პოლიციის განყოფილებაში - ცემა ჭიქებით, წიხლებითა და ხელბორკილებით. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ბრალდებული ჯერ დააკავა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემა. 

თავის არეში  მიყენებული  უმძიმესი დაზიანებებით და ტვინის შერყევით ბრალდებული საბოლოოდ პოლიციის განყოფილებიდან კლინიკაში აღმოჩნდა.

ადვოკატი "პირველებს" უყვება, რომ პოლიციამ ხელბორკილები დაშავებულს არც საავადმყოფოში მოხსნა. 

ჯგუფურ ძალადობაში სავარაუდოდ 4 პოლიციელი მონაწილეობდა. ოთხივე ბათუმის მეშვიდე სამმართველოს თანამშრომელია. 

ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო. უფლებადამცველი ეჭვობს, რომ ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა ჩანაწერები უკვე გააქრეს.