მეორე ვადით მუშაობას არ ვაპირებ - კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს - დღეს მან პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის გადაწყვეტის სხდომაში.
კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ შემოთავაზების შემთხვევაშიც კი არ აპირებს, ეროვნულ ბანკის მეორე ვადით პრეზიდენტობას.
დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა, 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ - თქვა კობა გვენეტაძემ.
კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული.
სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. ხოლო მის ხელმძღვანელს კი - საქართველოს პრეზიდენტი.