მენდობა, აგრესია არასოდეს ჰქონია - სააკაშვილის პირადი მედდა
ვივამედის ამბოლატორიულის უფროსი მედდა და სააკაშვილის პირადი ექთანი სასამართლოში დაკითხვისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ენდობა.
„მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა. გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს. არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - ამბობს ქეთევან ღვინიანიძე.