სააკაშვილთან მუშაობა პასუხისმგებლობაა, თუმცა შვილის დაღუპვით იმხელა სტრესი მივიღე, გარედან უარესს ვერ მომაყენებენ - მედდა
კლინიკა „ვივამედის“ მედდამ ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
მედდა ასევე საუბრობს იმ სტრესზე, რომლის გადატანაც ზოგადად კლინიკას, მედ-პერსონალს და მათ ოჯახებს უწევთ სოციალურ ქსელში გამოთქმული ბრალდებების გამო, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მას შვილის დაღუპვით ისეთი სტრესი აქვს ცხოვრებაში გადატანილი, რომ მზადაა ყევლაფერი აიტანოს.
მედდა აზუსტებს, რომ შეურაცხყოფა და ბრალდებები მიხეილ სააკაშვილისგან არ მოდის, პირიქით, ამბობს, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მესამე პრეზიდენტი ამს ძალიან ენდობა.
ძალიან ბევრჯერ ჩავედი მე ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება, ამიტომაც მომიწია მე მასთან მორიგეობა, რაც მე არ მეკუთვნოდა არანაირად. არ უნდათ მუშაობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე მიზეზი რატომაც არ უნდათ მუშაობა. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პირველად, ესეც ხომ სტრესია და ძალიან ბევრი სხვა რამ, თუნდაც სოციალურ ქსელში ჩვენი კლინიკის და ჩვენი ოჯახების ლანძღვა, უდიერად მოპყრობა. მე „ჩვენს“ იმიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულად მე არ მერჩის ბატონი მიხეილი, არასდროს, მაგრამ ჩემი კლინიკა და ჩემი თანამშრომელი არის ჩემი და გამოდის, რომ ეს მე მეხება. აი, ამის გამო არავის არ უნდა მუშაობა, თორემ ბატონ მიხეილთან მე პირადად პრობლემა არ მაქვს. ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესების გამო არ უნდათ მასთან მუშაობა. რაც შემეხება მე, მე ცხოვრებაში იმხელა სტრესი მივიღე შვილის დაღუპვის შემდეგ, რომ არაფერი არ არის სტრესი და გაუსაძლისი ამ ქვეყანაზე. ასე რომ მე თავისუფლად შემიძლია მასთან ყველანაირად ვიმუშაო და ეს ყველაფერი ავიტანო, ვგულისხმობ გარემო სიტუაციებს. ჩემს მიმართ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის განწყობილი“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.