ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა მოკლა - 32 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებული 70 წლის ქალი
32 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული პენსიონერი ქალი დღეს სასამართლო სხდომაზე პირველად ალაპარაკდა. მარიამ ესტაფაშვილი ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს.
ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენამდე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მსაჯულებს უთხრა, რომ 33 წლის ლევან გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა. 70 წლამდე ასაკის ქალი ამბობს, რომ მაშინ საკუთარი შვილი გარდაცვლილი ეგონა.
მისი თქმით, როდესაც მძიმე ამბავი შეიტყო, ეკლესია-მონასტრები შემოიარა და შენდობა ითხოვა.
"არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. ვაიმე შვილი მომიკლა-მეთქი, ვთქვი. როგორ გადავფოფხდი იმ სეტკაზე აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ორ მუშას მოჰყავდა ჩემი შვილი. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი",-განაცხადა ესტაფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. ბრალდებულს 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ესტაფაშვილს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი შესაძლოა, დღესვე გამოუტანონ.