არ შეიძლება, 1 ლიტრ ბენზინზე იყოს ლარამდე ფასნამატი, ამას სჭირდება კარგი შესწავლა - ღარიბაშვილი

06.02.23 14:44
არ შეიძლება, 1 ლიტრ ბენზინზე იყოს ლარამდე ფასნამატი, ამას სჭირდება კარგი შესწავლა - ღარიბაშვილი

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი ფასნამატი, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

ვხედავ, რომ არსებობს ძალიან მაღალი მარჟები, მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია. მინდა, მოგმართოთ ბატონო მინისტრებო, დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და მოვახდინოთ გონივრულ ზღვარზე  ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრის ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ იმპორტიორები და მოხდება დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. გახსოვთ, წამლებზე ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. მჯერა, რომ ეს ადამიანებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის მოლოდინი და იმედი. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლარი დასტაბილურებულია და ფასების იმავე ნიშნულზე შენარჩუნება არასწორია.

ადრე იყო ძალიან ბევრი საუბარი ლარის კურსზე, რომ არის მაღალი და ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად, ლარი არის დასტაბილურებული და ამ ადამიანებმა ფასები იმავე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია – განაცხადა ღარიბაშვილმა.