რატომ უნდა იქცეს გაკვეთილად საქართველოსთვის თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრა - სეისმოლოგები განგაშის სიგნალს რთავენ
თურქეთში დატრიალებული ტრაგედია საქართველოსთვის გაკვეთილად უნდა იქცეს. სეისმოლოგებმა განგაშის სიგნალი კიდევ ერთხელ ჩართეს. იმის ნახევარი სიმძლავრის მიწისძვრაც კი რომ მოხდეს ჩვენთან, რაც თურქეთში, დედაქალაქი ბოლომდე მიწასთან გასწორდება- ამბობენ სპეციალისტები. თბილისში არსებული ქაოტური მშენებლობების ფონზე შედეგი ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი იქნება.
ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა სამშენებლო კანონები მოქმედებს. სეისმოლოგები აფრთხილებენ პასუხისმგებელ ჩინოვნიკებს, რომ ნუ გადააყოლებენ დეველოპერების გამდიდრებას ადამიანების სიცოცხლეს. თბილისი ნაღმზე დგას. ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ დედაქალაქში ტრაგედია ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით კი სამაშველო ოპერაციის ჩატარებაც კი სავარაუდოდ შეუძლებელი გახდება.