ყოფილი პოლიციელის სასტიკი ანგარიშსწორება ოჯახის წევრებზე - რა მოხდა სოფელ რეხაში?
ყოფილი პოლიციელის სასტიკი ანგარიშსწორება ოჯახის წევრებზე - 56 წლის კაცმა ცოლი და სიდედრი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. სოფელ რეხაში დატრიალებულ ტრაგედიის ახსნა ადგილობრივებს უჭირთ. არავინ იცის, რატომ გაუსწორდა ღვთისო პეტრიაშვილი ოჯახის წევრებს. ცნობილია, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ის შვილებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ადგილზე მისულ ახალგაზრდებს კი სახლში სამი ცხედარი დახვდა.
სოფელში დილიდან პოლიციაა მობილიზებული. შემზარავი დანაშაულის ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. სოფელი შოკშია. მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილი რეხაში 15 წლის წინ დასახლდა, მას ადგილობრივები კარგად არ იცნობდნენ. მოსახლეობა ყვება, რომ ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა გახდა ამ სასტიკი მკვლელობის მიზეზი არ იციან. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.