თავდასხმა დავით გარეჯში - მოძალადე მღვდლებისთვის შსს-ს ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია

06.05.21 11:19
თავდასხმა დავით გარეჯში - მოძალადე მღვდლებისთვის შსს-ს ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია

ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ 48 საათი გავიდა, თუმცა სამართალდაცველებს მოძალდე მღვდლებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია.  შსს ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ტვ პირველს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან 2 დღის განმავლობაში არავინ შეუნიშნავს. მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ თავად ინციდენტში მონაწილე სასულიერო პირებიც. 

თავად ივერი მელაშვილს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. კარტოგრაფის თქმით, დავით გარეჯში მომხდარი ფაქტი თავად ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული. 

სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არც არაფერს მოიმოქმედებენ იმიტომ, რომ პრინციპში, ხელისუფლებიდან არის წახალისებული. ბატონ ვოლსკის დაახლოებით იგივე განცხადება ჰქონდა, რომ თურმე ჩემი გამოჩენა სადმე პროვოკაციაა. ე.ი. მისი აზრით, საერთოდ არ მაქვს არსად გასვლის უფლება და სუნთქვის უფლებაც კი. მისი ეს განცხადება და დამოკიდებულება თითონ არის პროვოკაციული და ეს არის, რომ ახალისებს ასეთ თავდასხმებს, - აცხადებს მელაშვილი. 

დავით გარეჯში მომხდარი თავდასხმის გამო შსს გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა უცნობია, ვის ედავება უწყება ძალადობას და ჰყავს თუ არა იდენტიფიცირეული თავდასხმაში მონაწილე პირები.