ხელისუფლების ცენზურა ჟურნალისტებს - რას ამბობს ოპოზიცია
"ქართული ოცნება" კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაღწევად ჟურნალისტების ცენზურას აფორმებს. შალვა პაპუაშვილის ახალი გადაწყვეტილება ძალაში 1 მარტიდან შედის.
ცნობილი ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის ახალი წესები შემოდის. კრიტიკული კითხვების დასმის აკრძალვის გარდა, "ოცნების" ახალი კანონი, შეზღუდვებს პარლამენტში ჟურნალისტების შესვლაზეც ითვალისწინებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების შეფასებით, ეს ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების წარმოამადგენლები ვალდებულნი არიან ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდონ.
ისინი ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორაცია მათი პოზიციის შესახებ. რიგით მოქალაქეს ამის პასუხისმგებლობა არ აქვს, თუმცა თუ ხელისუფლებაში უნდათ ყოფნა, თუ იმ პრივილეგიებით უნდათ სარგებლობა, მით უფრო გადაჭარბებით სარგებლობა, როგორც სარგებლობენ, მაშინ კეთილი ინებონ და როგორც მინიმუმ ჟრნალისტების პასუხები გასცენ, -ნინო ბურჯანაძე.
,,ლელო საქართველოსთვის" წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სწორედ მრავალფეროვანი მედიასაშუალებების არსებობაა საუკეთესო ბერკეტი იმისთვის, რომ სტანდარტები იყო მაღალ დონეზე.
პარლამენტში იყოს ეს წესები და გარეთ სხვანაირად შეიძლებოდეს? ჟრნალისტური საქმიანობა ხომ თვითრეგულირებული პროფესიაა, ეს ერთი და ასევე სწორედ მრავალფეროვნება მედიასაშუალებების არის საუკეთესო ბერკეტი იმისთვის, რომ სტანდარტმა აიწიოს და არა პირიქით. ასე რომ, თუ რამე არ მოგწონთ, ამას მეტი თავისუფლებით უნდა ვებრძოლოთ და არა მეტი რეგულაციით, - დავით უსუფაშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის აუცილებლად შეხვდება ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც პარლამენტში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამის შემდეგ შეეცდება შალვა პაპუაშვილი გადაარწმუნოს.
რეპრესიულ წესებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ფრაქცი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს. მამუკა მდინარაძე პარლამენტში ჟურნალისტებს ქმედებას "მარაზმს" უწოდებს.
ის, რომ ერთი საათი ზდიო დეპუტატს, აპარატის თანამშრომელს, სტუმარს , რომელიც პარლამენტშია მისული, ეს არ ამიკრძალოთ, ეს მოთხოვნა რამდენად რელევანტურია, ვერ ვხვდები. თქვე ისე იქცევით, თითქოს პარლამენტის შენობა არ იყოს დაწესებულება და იყოს საჯარო სივრცე ჩვეულებრივი. უნდა აღიქვა ჯერ ის, რომ პარლამენტის შენობა ისე როგორც სხვა ქვეყნებში, არის საჯაროს დაწესებულება და რესპონდენტისა და რეპორტიორის ურთიერთობას უნდა არეგულირებდეს რაღაც წესი. ის რაც ხდება, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ მარაზმია, მიზდევთ რესპონდენტს და ათი, ოცი და ოცდაათი წუთის განმავლობაში აიძულებთ, იაროს წინ და უკან და თუ არ უნდა ინტერვიუს მოცემა ,მაინც რამე გითხრათ და შემდეგ ცდილობთ, ეს გამოიყენოთ მისი დისკრედიტაციისთვის, - მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ავალდებულებს ჟურნალისტებს, შეწყვიტონ ინტერვიუ იმ წამსვე, როდესაც რესპონდენტს ექნება ამის სურვილი. ასევე, აქვთ უფლება არ უპასუხონ მედიის წარმომადგენლების კითხვებს.
თუ ჟურნალისტი ამ წესებს არ დაემორჩილება, მას საპარლამენტო აკრედიტაცია შეუწყდება.