ჟურნალისტების ქმედება არის მარაზმი - მამუკა მდინარაძე
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მედიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ძალაში 1-ელი მარტიდან შევა.
მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს ემხრობიან ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მდინარაძე მედიის ქმედებებს ,,მარაზმს" უწოდებს.
ის, რომ ერთი საათი სდიო დეპუტატს, აპარატის თანამშრომელს, სტუმარს , რომელიც პარლამენტშია მისული, ეს არ ამიკრძალოთ, ეს მოთხოვნა რამდენად რელევანტურია, ვერ ვხვდები.
თქვენ ისე იქცევით, თითქოს პარლამენტის შენობა არ იყოს დაწესებულება და იყოს საჯარო სივრცე ჩვეულებრივი. უნდა აღიქვა ჯერ ის, რომ პარლამენტის შენობა ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, არის საჯარო დაწესებულება და რესპონდენტისა და რეპორტიორის ურთიერთობას უნდა არეგულირებდეს რაღაც წესი.
ის, რაც ხდება, უკაცრავად, ამ გამოთქმისთვის, მაგრამ მარაზმია, მისდევთ რესპონდენტს და ათი, ოცი და ოცდაათი წუთის განმავლობაში აიძულებთ, იაროს წინ და უკან და თუ არ უნდა ინტერვიუს მოცემა, მაინც რამე გითხრათ და შემდეგ ცდილობთ, ეს გამოიყენოთ მისი დისკრედიტაციისთვის, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები ვალდებული არიან, შეწყვიტონ ინტერვიუ, თუ რესპოდენტი ამის სურვილს გამოხატავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატებსა და თანამშრომლებს აქვთ უფლება, არ უპასუხონ მედიის კითხვებს.
თუ ჟურნალისტი ამ წესებს არ დაემორჩილება, მას საპარლამენტო აკრედიტაცია შეუწყდება.