მღვდელმთავართან შეხვედრაზე უდიერი განწყობა გამოვხატე, დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა - მამა თეიმურაზი
მღვდლების ჩხუბი გიორგობაზე - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პირველ სატელევიზიო კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს. სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, იობის, რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების აღწერისას ამბობს, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის, მიმართ "უდიერი განწყობა" გამოხატა, ფიზიკურად კი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი საერო პირი დაუპირისპირდა.
დეკანოზი დღესაც ამბობს, რომ "ეს არის ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად".
ქარელში ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ... მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, ასეთი სიტყვები ვთქვი, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა.
"პირველებმა" სასულიერო პირს სახეში დარტყმისა და დაჩოქების შესახებაც ჰკითხა, რაზეც დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ამბობს:
დაჩოქება ძალიან ცუდი გამოთქმაა, ჩემთვის დაჩოქება არავის არ უთხოვია, როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად". - ამბობს მამა თეიმურაზი.
ხელჩართული ჩხუბი და გაწევ-გამოწევა გიორგობა დღეს - "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ურბნელი მიტროპოლიტის, იობის, რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის, მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, სახეში დაარტყა და დააჩოქა.