ეკლესია ღრმა სულიერ კრიზისშია - მეუფე პეტრე დეკანოზ თეიმურაზის ცემაზე

07.05.21 12:53
ეკლესია ღრმა სულიერ კრიზისშია - მეუფე პეტრე დეკანოზ თეიმურაზის ცემაზე

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი, პეტრე ცაავა, ურბნელი მიტროპოლიტის, იობის, რეზიდენციაში მომხდარ დაპირისპირებას "ტვ პირველთან" აფასებს. 

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა სულიერ კრიზისშია. 

მეუფე პეტრე "პირველებთან" ამბობს, რომ "ძალადობა საქართველოს ეკლესიის პირველი იერარქისგანაა წაქეზებული და სწორედ ამის გამოსახულებაა ის, რასაც ამა თუ იმ ეპარქიაში ვხედავთ"

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ დეკანოზ თეიმურაზს არ აქვს მორალური უფლება, ბოლომდე თქვას სიმართლე, რაც სასულიერო პირის თქმით, დიდი პრობლემაა. 

ყველა მსგავსი ფიზიკური ძალადობის პრეცედენტი არის ეკლესიაში არსებული სისტემური პრობლემის გამოხატულება. მაშინ, როცა ჩვენ მოძალადე  თავად პირველი იერარქი გვყავს და მის მიერ ძალადობის შედეგად, მოწამეობრივ მდგომარეობაში მეხუთე წელია, საპყრობილეში დეკანოზი იმყოფება და არ ზრუნავს პირველი იერარქი, მოინანიოს ეს ძალადობა, ბუნებრივია, ეს პრობლემა გადამდებია"- აცხადებს მეუფე პეტრე. 

მისი თქმით, სამების დეკანოზის, მამა თეიმურაზ თათარაშვილის, ცემის ფაქტზე საეკლესიო მოკვლევა უნდა ჩატარდეს: 

უბედურებაა ის, რომ დღეს კრიტიკული, თავისუფელი მედია დაინტერესებულია ჟურნალისტური გამოძიებით მსგავსი პრეცედენტების მიმართ და არ არსებობს საეკლესიო სასამართლო, მოკვლევა არ დაწყებულა.  თქვენ კი არ უნდა იკვლევდეთ, საეკლესიო სასამართლო უნდა იკვლევდეს და უნდა გვაძლევდეს პასუხს. საპატრიარქო საზოგადოებას უნდა პასუხობდეს,  რა მოხდა სინამდვილეში და რა ზომები იქნა მიღებული სჯულის კანონის შესაბამისად. მაგრამ არეული მონასტერი გვაქვს"- აცხადებს სასულიერო პირი. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ურბნელი მიტროპოლიტის, იობის, რეზიდენციაში, გიორგობის დღეს, ტრაპეზისას სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის, მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, სახეში დაარტყა და დააჩოქა. 

 

მსგავსი სიახლეები