ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს მედიკამენტის მიწოდებაზე უარი განუცხადეს - სახალხო დამცველი

07.05.21 15:07
ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს  მედიკამენტის მიწოდებაზე უარი განუცხადეს - სახალხო დამცველი

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ტრანსგენდერ პირს, რომელსაც  მუდმივად ესაჭიროებოდა ჰორმონალური მედიკამენტები, პენიტენციურმა დაწესებულებამ მედიკამენტების მიწოდებაზე უარი უთხრა - აღნიშნულია სახალხო დამცველის მოხსენებაში. ომბუდსმენის აპარატმა მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 

ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული, მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. "ტრანსექსუალი, ტრანსგენდერი და არაკონფორმული გენდერის პირებისთვის სამედიცინო დახმარების სტანდარტების თანახმად, ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულ (მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) გარემოში ცხოვრობენ, იმ მომსახურების იდენტური უნდა იყოს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, იმავე საზოგადოებასა და არაინსტიტუციონალიზებულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ. პირებს, რომლებიც ინსტიტუციებში უკვე დანიშნული ჰორმონული თერაპიის სათანადო სქემით ხვდებიან, იგივე, ან მსგავსი თერაპია უნდა გაუგრძელდეთ. მოცემულ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმამ კი უგულებელჰყო განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები  - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

საქართველოს სახალხო დამცველმა  თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში ტრანსგენდერი პატიმრების მხრიდან მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ციხეებში ტრანსგენდერებს სამედიცინო მომსახურებით  სათანადოდ ვერ უზრუნველჰყოფს.

ომბუდსმენის ინფორმაციით,  მიმართვის შემდეგ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო აპარატმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და, ასევე, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, "ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა".

მსგავსი სიახლეები