გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა - დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

08.05.21 15:42
გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა -  დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში გარდაცვლილი, 26 წლის ყაზახი გოგონას საქმეზე დაკავებულ ბესიკ თოდუას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ბესიკ თოდუას გამოძიება ასელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

ვინაიდან საქმე გაუპატიურებას ეხებოდა, დღევანდელი სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს,  თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად,  მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმეში სხვა მამაკაციც ფიგურირებს, რომელიც 26 წლის გოგონაზე ძალადობდა.