,,ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, შემცირდეს
მოსალოდნელია, ვაქცინის ასაკობრივი ზღვარი შეიცვალოს- დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია დაისახა. ირკვევა, რომ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი კვლავ აქტუალური საკითხია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, მოსალოდნელია ,,ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ პიკურ პერიოდში, რაც სავარაუდოდ , 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო, 31 გარდაცვალებაა, რაც არის ეფექტი ინფიცირების მატების. როგორ აღინიშნა , გარდაცვალების მატება მოჰყვება ინფიცირების მატებას ორ კვირიანი ინტერვალით. შესაძლოა, ასაკის მოდიფიცირება მოხდეს ,,ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით, რადგან ჩვენ მოგვმართავს ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ჯანდაცვის სპეციალისტი, ისინი მოითხოვენ, გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან თავად შეუძლიათ, შეაფასონ ის რისკები, რაც იშვიათ შემთხვევაში ,,ასტრაზენეკას" უკავშირდება. - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ ქვეყანაში დომინირებს ვირუსის ინგლისური შტამი და ადასტურებს, რომ ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისი არ არის, ამიტომაც მოსალოდნელია, ,,ასტრაზენეკას" ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს.
ადრეც აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისში შესაძლებელია, ყოფილიყო პიკური პერიოდი, რომლის შემდგომაც უნდა დაიწყოს დაღმა სვლა. დეკემბრის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ციფრი, 31, გვქონდა დღეს. სიკვდილიანობა 2 კვირით ჩამორჩება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს. იქნება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება ,,ასტრაზენეკას" ასაკობრივი ზღვარის დაწევის საკითხი. დღეს ვაქცინაზე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას. ქვეყანაში ბრიტანული შტამი ფიგურირებს, თითქმის 90% ბრიტანული შტამია - ამბობს ამირან გამყრელიძე.
კომენდანტის საათი გაურკვეველი დროით ისევ ძალაში რჩება-მუნიციპალური ტრანსპორტი კი მუშაობას 13 მაისიდან იწყებს. გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ მიიღო. პარალელურად კი ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება-ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით კიდევ 1788 ადამიანი დაინფიცირდა, 31 კი გარდაიცვალა.