ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა - რეჟიმის მთავარ ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

11.05.21 18:34
ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა -  რეჟიმის მთავარ ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

პენიტენციური დაწესებულების მე-8 დაწესებულებაში მომხდარ სუიციდის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექციის სამსახური განცხადებას ავრცელებს.  განცხადებით ირკვევა, რომ დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი ბრალდებული  2020 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის.  პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული ერთი საათის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც პატიმარმა სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ნათქვამია სახელლმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.