განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება - ფინანსთა სამინისტროს განცხადება

14.05.21 10:23
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება - ფინანსთა სამინისტროს განცხადება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელია მიცემული. 

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 514 835 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 317 394 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში - 298 465 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 196 785 ლარი). ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიებზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.