ჩვენს საზოგადოებაში ნაპრალი გაჩნდა, გავთითოკაცდით... - მეუფე გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საღდგომო ეპისტოლეში ეროვნულ გამოფხიზლებაზე საუბრობს. მეუფე გრიგოლი გაყოფილი საზოგადოებით არის შეშფოთებული.
სინოდის წევრის შეფასებით, საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესების შეგრძნება ორივე მხარემ დაკარგა.
სასულიერო პირი ასევე უკრაინაში პუტინის დაწყებულ ომს ეხმიანება. მღვდლისთვის გაუგებარია, რამ შეიძლება უკრაინაში რუსული სისასტიკე გაამართლოს.
ძვირფასო სამწყსოვ,
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო,
ქრისტე აღდგა!
განუზომელია სიხარული, რომელიც გვეუფლება ჩვენ დღეს: „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა“.
ქრისტე აღდგა!
დავით წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ (ფს. 117,28-29): „ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი“. და დადგა ნანატრი დღე: აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაი და ქუეყანა, ქვესკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით (აღდგ. პარაკ. გალობა III)
ქრისტე აღდგა!
ამ სადღესასწაულო მოწოდებით ჩვენ ვხვდებით დღესასწაულს, რომელმაც ახალ სამყაროს დაუდო სათავე და ახალი ათვლის საწყისად იქცა მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.
ბრწყინვალე აღდგომა განგვამტკიცებს იესო ქრისტეს ახალი აღთქმისადმი რწმენაში და ახალი ამოცანების წინაშე გვაყენებს. XXI საუკუნის გადასახედიდან ჩვენი გონების მზერას მივაპყრობთ ქრისტეს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილ გზას და ვხედავთ რა მის გამძლეობას, ამტანობას და უძლეველობას, კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით, რომ უფალს არასდროს მივუტოვებივართ და კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელ არს ღმრთისათვის. კვლავ გვახსენდება და გვამხნევებს იესოს მარადიული სიტყვა:
„აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28, 20).
იესო ქრისტე მარადის მყოფობს მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში, რომელიც აერთიანებს მთელს კაცობრიობას, რის შესახებაც გალატელ მორწმუნეებს სწერს წმიდა მოციქული პავლე:
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (გალ. 3,27-28).
უფალი გვთავაზობს უნიკალურ ღირებულებით საყრდენს ჩვენი ცხოვრებისთვის:
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის (მთ. 18, 19-20)
იესო ქრისტეს მოძღვრება თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურული მიკერძოებისგან და დროის მიხედვით არ ცვალებადობს, მაგრამ ცვალებადია ადამიანის ამქვეყნიური ზრახვები და ინტერესები. ასე იყო იესოს დროს (რასაც ცხადყოფს სახარებისეული ისტორია) და ასეა დღესაც! ადამიანური ყოფის ეს სპეციფიკა გვავალებს მუდმივ სიფხიზლეში ყოფნას, მარად მღვიძარებას, რადგან ამსოფლიური მიზნებისთვის იესო ქრისტეს სახელისა და მისი ეკლესიის ინსტრუმენატად ქცევის ნებისმიერი გამოვლინება (ცნობიერად თუ არაცნობიერად!) არის ქრისტეს მრწმასთან შეუთავსებელი ქმედება!
ადამიანს ღვთისგან ყველაფერი აქვს მოცემული იმისთვის, რომ მან - საღვთო შემოქმედების გვირგვინმა - ადამიანური ღირსების გვირგვინი სათანადო პასუხისმგებლობით ატაროს, რაც გზადაგზა გამოვლინდება და აისახება სოციალურ ურთიერთობაში, პროფესიულ საქმიანობაში, ღმერთთან და მოყვასთან მიმართებაში. რწმენა ხომ საქმეში (ქმედებაში) პოვებს ასახვას?!
ეკლესიას, მის წევრებს და, მათ შორის, პირადად მეც, გვაფიქრებს არაერთი საკითხი. მათგან დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ომისა და მშვიდობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები. ამ საკითხთა სიმწვავე და პრობლემურობა არაერთ კითხვას აღძრავს და ჩვენგან დამაჯერებელ პასუხებს მოითხოვს!
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემაზე შევაჩერებ ყურადღებას; ეს გახლავთ ადამიანის რელიგიურ გრძნობებით ბოროტად სარგებლობა, რასაც მავანი ხშირად მიმართავს ხოლმე თითქოსდა წმიდა მიზნების მისაღწევად. ვხედავთ იმასაც, რომ რელიგია ზოგჯერ ამსოფლიური ზრახვების სამსახურში უნდათ ჩააყენონ. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამით რელიგიური გრძნობების სიწმიდე შეილახება. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: არსებობს ასეთი ცნება, რასაც ეთნოფილეტიზმი ჰქვია. ეს არის (უმეტესწილად, ადგილობრივი ეკლესიებისთვის დამახასიათებელი) ერთგვარი ტენდენცია, როცა ეროვნულ, პოლიტიკურ, ტომობრივ (და ა.შ.) ინტერესებს მსხვერპლად ეწირება ეკლესიის ფუნდამენტური სწავლების ძირითადი ღირებულებები და გზას უხსნის ფანატიზმს.
ამის გამოვლინების კონკრეტულ მაგალითს ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამართლების დროსაც. ამ ომის მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს ჩვენი ყოფის კატასტროფულ შედეგს: სწორედ ომთან, სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მასიური გამოვლინება ადამიანთა შორის, და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა ამას ის ხალხი სჩადის, ვინც ერთი ეკლესიის შვილებად მოიაზრებს თავს.
აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც უაღრესად მწვავე პრობლემად ექცა ჩვენს ქვეყანას. დღითიდღე ვხდებით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით იმგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ. ჩვენი საზოგადოება თითქოსდა კვლავაც გათითოკაცდა, თითქოსდა დაიკარგა საერთო, საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები და წინა პლანზე გამოვიდა ფსევდო-მიზნები, რომელთა ამაო ძიებაში ვკარგავთ დიდ დროსა და ენერგიას (არადა, ჩვენს გარემომცველ სამყაროში, ამის პარელელურად, დიდ კონტრასტულ სურათს ვხედავთ:
თანამედროვე მსოფლიო უსწრაფესად ვითარდება, სახეზეა ტექნოლოგიური განახლების ახალი ტალღა, რომელსაც მზად უნდა შევხვდეთ!). ახლა (ისე, როგორც ამ სამი ათეული წლის განმავლობაში, შესაძლოა, არც არასდროს!) გვმართებს ნამდვილი ეროვნული გამოფხიზლება, ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის ჩვენება, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდის გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის - ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის კვლავაც მტკიცე ფარი იქნება.
დღეს ბრწყინვალე აღდგომის სიხარული ავსებს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს და მსურს, რომ თითოეული თქვენგანის გული და არა მხოლოდ გული, არამედ მთელი ცხოვრება აღავსოს ბრწყინვალე აღდგომის მადლმა.
იესო ქრისტეს დიდებული და ბრწყინვალე აღდგომის რწმენითი შემეცნება გვხდის ამ წარმოუდგენელი სიხარულის თანაზიარად და იქცევა ჩვენი ცხოვრების ახალ დასაწყისად.
ქრისტე აღდგა!, - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.